სკოლის ისტორია და მდებარეობა

ქუთათურთა გამორჩეულად საყვარელი უბანი ბალახვანი , ბალახვნელთა საფიხვნო მე -12 სკოლა ასე იცნობ დღეს ყველა წერეთლის ქუჩაზე მდებარე სკოლას , რომლის კედლებიდან დიდი წარსული იმზირება


ამ სკოლის დაარსებას ხელი შეუწყო ქართველთათვის საამაყო პიროვნებამ გაბრიელ ეპისკოპოსმა , რომლის ხელდასმით 1892 წელს გაიხსნა იმერეთის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი, თავად გაბრიელ ეპისკოპოსმა  სასწავლებელს 10000 მანეთი შესწირა . საინტერესოა , რატომ გადაწყდა სწორედ ამ ადგილზე ეპარქიული სასწავლებლის გახსნა და თვით გაბრიელ ეპისკოპოსი რატომ იყო დაინტერესებული ამ ტიპის სასწავლებლის გახსნით?

  ეს მიწის ნაკვეთი , რომელზეც ამჟამად სკოლა მდებარეობს, 1888 წელს მემამულე სტრუიცკიმ უანდერძა სასულიერო უწყებას. ტერიტორია საკმაოდ ვრცელი იყო და სწორედ ამჟამინდელი სკოლის ფუძეზე გახლდათ აგებული მოქმედი ეკლესია
 .



სასწავლებლის ძველი შენობა და მოქმედი ეკლესია

                          (იოსებ იარღანაშვილის პირადი კოლექცია , საჯარო ბიბლიოთეკა)
სწორედ ეკლესიის მდებარეობამ განაპირობა ამ კურთხეულ მიწაზე ეპარქიული სასწავლებლის გახსნა, სადაც ძირითადად " საშინაო მასწავლებლებს" ("Домашняя учительница"), 1907 წლიდან კი სამრევლო სკოლის მასწავლებლებსაც ამზადებდნენ.    ეპარქიული სასწავლებელი ძირითადად სასულიერო წოდების შვილთათვის იყო განკუთვნილი, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით მოსამსახურეთა შვილებიც სწავლობდნენ .


1892-1920 წლებში სასწავლებელში 1200 გოგონა სწავლობდა, კურსი მხოლოდ 728- დაამთავრა, რადგან სწავლა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე და განსაკუთრებით სოფლიდან ჩამოსულებს უძნელდებოდათ საგნის მომზადება. ქართულ ენასა და ლიტერატურას თითოეულ კლასში მხოლოდ ორი საათი ჰქონდა დათმობილი , უპირატესობა ენიჭებოდა რუსულ ენას, საღვთო რჯულს , გალობას, ისწავლებოდა არითმეტიკა, ფიზიკა, გეომეტრია, ალგებრა, ისტორია, ბუნებისმეტყველება , პედაგოგიკის ისტორია, ხატვა , ხელსაქმე, უცხო ენის ისტორია, ლიტერატურა. სულ სასწავლებელს კვირაში 213 გაკვეთილი ჰქონდა. 1899-1907, 1917 წლების პოლიტიკურმა ვითარებამ სასწავლებლის პროგრამაზეც მოახდინა გავლენა და სწავლა დაეყრდნო იაკობ გოგებაშვილის "დედაენას", " Русское слово"- ,"ბუნების კარს". 1899 წელს სამკლასიანი სასწავლებელი ექვსკლასიანად გადაკეთდა. 1903 წელს გაიხსნა საბაზო დაწყებითი სკოლა , რომლის გამგე იყო ლაზარე ხმალაძე.
 1907 წლიდან სასწავლებელს დაემატა მეშვიდე კლასი, რომელიც პედაგოგიურ კლასად იწოდებოდა. იგი კურსდამთავრებულს სამრევლო სკოლის მასწავლებლის კვალიფიკაციას აძლევდა. აღსანიშნავია ამ სასწავლებლის მოწაფეების მონაწილეობა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1904 წლის 3 თებერვალს სასწავლებელში არ გამოცხადდა 43 მოსწავლე, რაც იმ დროს სენსაციად აღიქმებოდა. ამ ფაქტმა შეძრა სასწავლებლის ადმინისტრაცია, მიაღწია ეპისკოპოსის კანცელარიამდე , გაიგო სინოდმა და ეგზარხატმა . სინოდმა 1904 წლის 9 ივნისს განიხილა სასწავლებლის საქმე, გაათავისუფლა მისი ხელმძღვანელი ნინო თავდგირიძე და გამოიტანა
გადაწყვეტილება , რომელიც გაეგზავნა იმერეთის ეპისკოპოსს ლეონიდეს: "თუ ახალი პანსიონის აშენება ვერ მოხერხდა, დაიქირავეთ საერთო საცხოვრებელი , იზოლაციაში ამყოფეთ ყველა ეს მოსწავლე და გზა გადაუღობეთ მათ მავნე გავლენისაკენ". მაგრამ  რევოლუციური მღელვარება არ ცხრებოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ვერც ერთმა სკოლამ მათ შორის ეპარქიულმა სასწავლებელმაც, ვერ შეძლო "მავნე გავლენისაგან" ეხსნა მოსწავლეები . ამ გარემოებამ აღაშფოთა ეგზრხოსი და სინოდი. მათ მთლიანად დაშალეს პედაგოგიური კოლექტივი, გაათავისუფლეს თავმჯდომარე .  ცაგარეიშვილი და 1905 წლის 5 ივლისს დანიშნეს კორნელი კეკელიძე, რომელიც სასწავლებელს ხელმძღვანელობდა 1906 წლის 28 მაისამდე და დიდი წვლილი შეიტანა მომავალი თაობის ეროვნული სულისკვეთების გაღვივებაში. მისი თავმჯდომარეობით შეიქმნა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სასწავლებელში სწავლების კურსსა და მეთოდების შეცვლას.

პროექტის უმნიშვნელოვანესი საკითხის იყო :
1. სწავლება ყველა კლასში უნდა წარიმართოს ქართულ ენაზე;
2 .
რუსული ენის სწავლება დაიწყოს მეორე კლასიდან;
3 .
სასწავლებელი გადაკეთდეს 8 კლასიანად და დაემატოს საგნები ქართული, სიტყვიერების ისტორია, ძვ. და ახალი ქართული ლიტერატურა, სიტყვიერების თეორია, ქართული ენის სწავლების მეთოდიკა.
კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით სასწავლებელში ბევრი გამორჩეული პიროვნება ასწავლიდა, მათ შორის დიდაქტიკის მასწავლებელი ლაზარე ხმალაძე , რუსული ენის მასწავლებელი ელენე ხელთუფლიშვილი და ფრანგული ენის მასწავლებელი მარიამ ორახელაშვილი .
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921) იმერეთის ქალთა ეპარქიულ სასწავლებელს გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზია ეწოდა.
 ქუთაისის ეპარქიულ სასწავლებელს თავიდანვე ჰქონია მოზრდილი ეზო  მშვენიერი ბაღით ,_ 8778 კვ. მეტრი მიწის ფართობით, 14-ოთახიანი შენობა, ბიბლიოთეკა, საკმაოდ მდიდარი წიგნადი ფონდით და სხვ. 1921 წლიდან ამ სკოლას ბევრჯერ შეეცვალა სახელი. 1921 წელს მისთვის უწოდებიათ მე-9 შრომის სკოლა.
  1926-1936 წლებში სკოლაში  ირიცხებოდა დაახლოებით 800 ბავშვი, თითოეულ ჯგუფში 30-35 მოსწავლე იყოსკოლის დირექტორი  თინა ფანჩულიძე იმავე დროს  ასწავლიდა რუსულს.
სურათზე ასახული არიან  ამ პერიოდის მოსწავლეები.


  1933 წელს მე-9 შრომის სკოლას მე-19 შრომის სკოლა დაერქვა, ხოლო 1943 წელს-
ქალთა მე-5 საშუალო სკოლა.სკოლაში ასწავლიდნენ პედაგოგები:
   ალექსანდრა სოფრომაძე, ილია გენძეხაძე, ქსენია ჭირაქაძე,  ევსევი ნიკოლაძე, ნიკოლოზ მესხი, იაშა აბულაძე,  ჩიტო ცქიფურიშვილი, ლუბა მაჭავარიანი, ზინა დადუნაშვილი, ქეთო ტყეშელაშვილი, ვარლამ შენგელია, ნადია კლდიაშვილი, რეინა თევზაძე, თინა დანელია, ნუცა ცანავა, ნორა ერაძე, თინა ლანჩავა, მავრა კანდელაკი.გრიგოლ გაბრიაძე, თამარ ჩაგანავა, გივი ფალიაშვილი, ლევან ძოწენიძე, შუქურა კოსტავა, ვალია რობაქიძე, ელენე კოსტავა, გივი ბუხაიძე.

      1954-1955 წლებში ქალთა და ვაჟთა ერთად სწავლებასთან დაკავშირებით ქალთა მე-5 სკოლას ეწოდა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა, რომლის დირექტორად დაინიშნა ედუარდ თავაძე.





1968 წლის 1 სექტემბრიდან სკოლამ მუშაობა დაიწყო ახალ სამსართულიან შენობაში, რომელსაც 18 საკლასო ოთახი და კეთილმოწყობილი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიი, გეოგრაფიის კაბინეტ-ლაბორატორიები ჰქონდა.









სასწავლებლის ეზოში


სურათის ცენტრში: ანდრო ბაბუხადია, ედუარდ თავაძე, ქსენია ჭირაქაძე
       








 1989  წელს, სკოლების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით,მე-12 საშუალო სკოლას  რკინიგზის მეთერთმეტე სკოლა შემოუერთდა, ხოლო 2006 წელს_ ჰუმანიტარული ლიცეუმი.
  90-იანი წლების  დასაწყისში, სხვადასხვა  სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მე-12 სკოლის შენობაში  რამდენიმე  სასწავლო დაწესებულება ფუნქციონირებდა:   ქალაქის მეთერთმეტე და  მესამე სკოლა, ჰუმანიტარული და სამართლის   ინსტიტუტი(1997-2005წწ. რექტორი-მ.გვაზავა), კერძო სკოლა ,,მერმისი“.

მაყვალა დარასელია



1963 წელს მე-12 სკოლაში გაიხსნა მუსიკალური სტუდია 200 მოსწავლით, რომელიც 1965 წელს გადაკეთდა მუსიკალურ ათწლედად და მას 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა ჭეშმარიტად გამორჩეული ხელოვანი მაყვალა დარასელია.







  

1965-1995 წლებში   შენობის ნაწილი დათმობილი ჰქონდა სამხატვრო სკოლას.


2003წელს სკოლამ საზეიმოდ აღნიშნა თავისი არსებობის 100 წლისთავი ზ. ფალიაშვილის სახ.ოპერისა და ბალეტის თეატრში. მოწვეულები იყვნენ სკოლის კურსდამთავრებულები, ქალაქის ხელმძღვანელობა და საპატიო სტუმრები.





ასი წლის იუბილე ოპერის თეატრში

დაიბეჭდა საიუბილეო მრავალგვერდიანი გაზეთი   ,,ბერმუხა"




  ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლას უდიდესი წარსული აქვს, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს რომ სკოლა 2 უდიდესი წინამორბედი სასწავლების ფუძეზე აღორძინდა.


გამოყენებული მასალები:

გაზ: ,, ახალი განათლება“  25.05.2011წ. სტატია:  ,,გაბრიელ ეპისკოპოსის სახ: ქალთა ეპარქიული სასწავლებელი.  ავტორი გურამ გაბუნია.  ( ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი).
 საარქივო მასალები, ფონდი 68, საქმე 1530,
                                       ფონდი 68, საქმე 1110,
                                       ფონდი 68, საქმე 895
                                        ფონდი 68, საქმე 901.

 სსიპ ქ.ქუთაისის  12 საჯარო სკოლის არქივი.
ფოტოები პირადი არქივებიდან.























Комментариев нет:

Отправить комментарий